სუს-ის უფროსის ყოფილი მოადგილე, სოსო გოგაშვილი ამბობს, რომ ბიძინა ივანიშვილის პირადი დავალებით სცემეს შს მინისტრის ყოფილ მოადგილეს, გელა ხვედელიძეს "ტელეფონზე ბიძინას გინების გამო".
თუმცა, მისი თქმით, ძალადობის ამსახველი კადრები ე.წ ოტომ, ანუ "ოპერატიულ-ტექნიკურმა დეპარტამენტმა "გააქრო".
გელა ხვედელიძეს თავს საკუთარ სახლთან 2017 წლის 2 აპრილს დაესხნენ. გამოძიებას საქმეში კამერების ჩანაწერები არ ჰქონდა.
მაშინ გელა ხვედელიძემ თქვა, რომ თავდამსხმელებს ძალოვან უწყებებში გავლენიანი მფარველები ჰყავთ. შს მინისტრის ყოფილმა მოადგილემ ასევე განაცხადა, რომ მას თავდასხმამდე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლები უთვალთვალებდნენ. ინტერვიუში მან სუს-ის ხელმძღვანელის მოადგილე, სოსო გოგაშვილი დაასახელა. მისი თქმით, სუს-ს, კერძოდ კი, უწყების ხელმძღვანელის მოადგილეს ის პირად მტრად ჰყავდა გამოცხადებული.
გელა ხვედელიძე შს მინისტრის მოადგილედ 2012 წლის არჩევნების შემდეგ დაინიშნა. 2013 წლის მაისში ის ჟურნალისტ გიორგი ფარესიშვილის პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების გავრცელების გამო დააკავეს. მას ბრალად პირადი საიდუმოების ხელყოფა ედებოდა. მას ერთწლიანი პირობითი სასჯელი შეუფარდეს.